ხობში ძაღლების უფასო სტერილიზაცია-რეგისტრაციის პროგრამაზე იმსჯელეს

  • პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვეტერინარული კლინიკის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და რეგისტრაციის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში ცხოველებს ჩაუტარდებათ სტერილიზაციის პროცედურა, მიენიჭებათ მიკროჩიპის ნომერი და დარეგისტრირდებიან შინაური ცხოველების ერთიან ელექტრონულ ბაზაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიზანია ცხოველთა პოპულაციის რეგულირება და მათი ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა.