ხობში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

  • ხობის ცენტრალურ პარკში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწოდეს და მსურველებს slr.napr.gov.ge პორტალზე რეგისტრაციაში დაეხმარნენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით, ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა დაიწყო. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალად 59 მუნიციპალიტეტი განისაზღვრა.

2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 1/3 ნაწილი ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული, ან რეგისტრირებული მონაცემი ცვლილებას საჭიროებს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს, დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის. სისტემური რეგისტრაციის რეფორმის დასრულების თარიღად გამოცხადებულია 2025 წლის პირველი იანვარი.