ხობში “მაჩხომერის” მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე “მაჩხომერის” მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი, რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი – ნანა პაპუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები – თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი ასევე, იტალიელი არქეოლოგი, ემანუელ ინტაგლიატა.

მეცნიერებმა “მაჩხომერის” მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბუკიას და მერის მოადგილეს, დავით ბერაიას გააცნეს.

უწყების ცნობით, მეექვსე წელია „მაჩხომერზე“ არქეოლოგიური სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, რომელიც IV-VI საუკუნეებით თარიღდება. ძეგლს, 2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„მაჩხომერის“ არქიტექტურული კომპლექსი თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოექცა ქართველი და უცხოელი მეცნიერების ინტერესის სფეროში. ძეგლის დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ კემბრიჯის, კოპერნიკის, მილანის უნივერსიტეტების და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერები.