მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

  • TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში!

ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ.  

ზუგდიდელმა ახალგაზრდამ მიქაელ მალაზონიამ, ამ დღეებში, ძალიან საინტერესო ონლაინ ცენტრი TCHE Center დაანონსა სოციალურ ქსელებში – ეს გახლავთ ცენტრი, რომელიც გასწავლის და იმავდროულად გაძლევს ქველმოქმედების საშუალებას..

მიქაელ მალაზონია: “-ზუგდიდში დავამთავრე აფხაზეთის #12 საჯარო სკოლა. ახლა თბილისში ვცხოვრობ და ვმუშაობ. 2020 წელს ჩავირიცხე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად, ვასწავლი ციფრულ მარკეტინგს. ვთანამშრომლობ სასწავლო ცენტრ “ბი ემ სი სი”-სთან,  საქართველოს წითელი ჯვართან, “ნეოგენთან”
“ვორდვიჟენთან”… ტრენინგების სფეროში სკოლის მოსწავლეობიდან ვარ ჩართული, 2015 წელს დავიწყე… მერე, 2020 წელს პანდემიის დროს, აქტიურად ჩავერთვე ქველმოქმედებებში და ახლა გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ორივე გამოცდილება გავაერთიანო.

წლებია, სხვადასხვა ორგანიზაციასთან მაქვს შეხება როგორც ტრენერს. ყოველთვის ვეძებდი გზას, როგორ შემეძლო დავხმარებოდი ხალხს და მივაკვლიე მგონია… სწავლა 1 ლარად და ამ დროს დახმარება სხვას. საწყის ეტაპზე, აღნიშნული ცენტრი იფუნქციონირებს ონლაინ, ზრდის პესპექტივით.  

-ცენტრის საქმიანობის ფორმულა ასეთია-ზუმშეხვედრაზე იწვევთ, ან სულაც თვითონ გამოთქვამს საუბრის სურვილს, აანონსებ, იკვრება ზუმაუდიტორია. მსმენელები, ამ შეხვედრისთვის, ანუ სწავლისთვის, იხდიან სიმბოლურად ერთ ლარს, რომელიც შემდეგ გამოიყენება ქველმოქმედებისთვის და გადაეცემა სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ვიყოთ თანმიმდევრულები –  სპიკერეს როგორ ირჩევთ, პირველი სპიკერი რა ნიშნით აირჩიეთ? სპიკერთა რეზერვზე თუ გიფიქრიათ?

-სპიკერებს პირველ ეტაპზე, ვარჩევ ნაცნობობით – მარტივად რომ ვთქვათ, ვისაც კი ვიცნობ, ვუკავშირდები და ვიწვევ… სპიკერთა რეზერვი კი არსებობს და ისინი ეტაპობრივად გამოჩნდებიან ცენტრის გვერდზე.

გადავწყვიტე, ცენტრის პირველი სპიკერი და სტუმარი ჟურნალისტი ნანა ქობალია ყოფილიყო,  მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. დარწმუნებული ვარ, მის მაღალ პროფესიონალიზმში. 22 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს, ეს ქალბატონი ეკრანზეა-  რეგიონში დიდია მის მიმართ კეთილ განწყობა მოსახლეობის მხრიდან… ძალიან უშუალო პიროვნებაა დიდი ცოდნითა და გამოცდილებით და ვფიქრობ, მას ბევრის გაზიარება შეუძლია აუდიტორიისთვის.

-სასიამოვნოა ჩემს კოლეგაზე ამის მოსმენა. თვეში რამდენი სპიკერი ეყოლება ცენტრს, სავარაუდოდ…

-საწყის ეტაპზე, ვფიქრობ, თვეში, მინიმუმ 15 სპიკერის მოწვევას შევძლებ. აი, როცა უკვე ბევრი გაგვიცნობს და დიდი აუდიტორია გვეყოლება, ალბათ ყოველი დღე იქნება ერთი სპიკერი, რომელიც ისაუბრებს სხვადასხვა თემაზე .

-აანონსებთ, რომ შეხვედრებს გეგმავთ ზუმპლატფორმაზე…

-ზუმი, მგონია, შეხვედრებისთვის და ქველმოქმედებისთვის, ბევრისთვის მოსახერხებელი იქნება. თან ისეთ დროებში ჩავნიშნავ შეხვედრებს, როცა უკვე ხალხი სამსახურებიდან დაბრუნებული იქნება სახლში და თავისუფლად შეძლებენ დასწრებას.

-ზუმაუდიტორიად რა ასაკს მოიაზრებ?

-ვინაიდან, ლექციების ღირებულება სიმბოლურად 1 ლარია, ვფიქრობ, მიზნობრივ აუდიტორიაში ფართო სპექტრზე შევძლებ გასვლას. მე სადაც ვასწავლი ციფრულ მარკეტინგს, ისიც ონლაინ ტარდება და მყავს როგორც სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ასევე უკვე დასაქმებული საზოგადოება – სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან. შეიძლება ინდივიდის მოტივაცია სულაც არ იყოს ქველმოქმედება, უბრალოდ, მას ლექცია აინტერესებდეს და ის 1 ლარი არაფერს უწყეტდეს, ან პირიქით, დაესწროს სრულიად ქველმოქმედების მოტივით, ან ორივე განწყობით – კიდეც ისწავლოს და კიდეც ქველმოქმედება გასწიოს. ვიმეორებ, ასაკობრივი ჯგუფი, ვფიქრობ, შერეული იქნება.

-მაინტერესებს, ცენტრს თუ ეყოლება მრჩეველთა, კონსულტანტთა ჯგუფი, თქვენ ხომ არ გადაწყვეტთ ერთპიროვნულად ყველაფერს…

-ცენტრი მიზნად ისახავს ზრდას და განვითარებას და აუცილებლად ეყოლება წევრები, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართული ცენტრის მართვის სათავეებში.

-მსგავსი გამოცდილება თუ არსებობს ან ჩვენს ქვეყანაში ან უცხოეთში?

-ადგილობრივ დონეზე, ვგულისხმობ საქართველოში, მართლა არ შემხვედრია, მაგრამ ვერ  ვიტყვი დანამდვილებით, არსებობს თუ არა. მიზანი მაქვს ერთი – მინდა, ეს წამოწყება ბევრმა აიტაცოს, რადგან აქვს პერსპექტივა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმაროს.

-კიდეც დაეხმაროს, კიდეც გააცნოს, კიდეც იდეური თანამოაზრეები შეკრას, რომელიც შეიძლება OFF სიტუაციაში  რეალურად გაგრძელდეს და ჩამოყალიბდეს ახალ ინსტიტუციებად… ბევრი რამ  შეიძლება მგონია. წარმატებებს გისურვებთ.

გმადლობთ. იმედია, ვითანამშრომლებთ.

ესაუბრა ნ. მიქავა