ხობში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ხელნაკეთი ნივთების, საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები და ქართული ანიმაციური ფილმის ჩვენება. ახალგაზრდული ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო საუბრები ბავშვთა უფლებებზე, სამაგიდო და სათავგადასავლო თამაშები; ხოლო, ფესტივალ „ექო-თოფუზის“ ფარგლებში „ანიმაციის განვითარების ფონდის“ ანიმატორებმა ბავშვებთან ერთად, ანიმაციური ფილმის შექმნაზე იმუშავეს. ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, სახეზე ხატვა, მხატვრული კითხვა და ნახატების გამოფენა.

ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა „მხიარული სტარტები“ ხობის №1 საჯარო სკოლის მე-4 ,,ა“ და ,,ბ“ კლასებს შორის.

კულტურის სახლის დიდ დარბაზი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული ბავშვთა თეატრის მიერ ვაჟა-ფშაველას მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლ „ბუნების შვილების“ პრემიერა შედგა.

ბავშვთა დაცვის დღე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის მოსწავლეებს მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.