ცესკო: 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს

  • 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

“რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა შეაფასეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, უცხოელი კოლეგების მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 29 აპრილს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში წარიმართა. რაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკმაოდ შემჭიდროებულ პერიოდში გაწეული დიდი ძალისხმევის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 30 წარმომადგენელი დააკვირდა საარჩევნო პროცესს. ჩვენ გვქონდა დღეს კონფერენცია მათთან ერთად და მოვისმინეთ მათი ძირითადი მიგნებები, რეკომენდაციები. აქვე უნდა ითქვას, რომ ისინი წარმოადგენენ ისეთ ქვეყნებს, რომელთა უმრავლესობაშიც დანერგილია სხვადასხვა ტექნოლოგია. შესაბამისად, მათი გამოცდილება, მათი ხედვა ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. თუმცა მთავარია, ის პოზიტიური შეფასებები, რომელიც მათ გუშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით დააფიქსირეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვენდორ კომპანიასთან, ჩართულ მხარეებთან ერთად გავაანალიზებთ ამ არჩევნებს და 2024 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო ბევრად დახვეწილი და გაუმჯობესებული პროცედურებითა და სერვისებით დავხვდებით ამომრჩევლებს“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლოს ანჯელესის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა დინ ლოგანმა განაცხადა, რომ არჩევნებზე წარმოდგენილი საპილოტე პროექტი წარმატებული გახდა.

„კოლეგებთან ერთად მქონდა საშუალება დავსწრებოდი პროცესს ქუთაისის 6 საარჩევნო უბანზე. აღვნიშნავ, რომ საპილოტე პროექტი, რომელიც ამ არჩევნებზე იყო წარმოდგენილი, წარმატებული გახდა. კომისიამ შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება შედეგების დაჯამების დასაჩქარებლად. ასევე, იყო უზრუნველყოფილი თავისუფალი, ღია და სამართლიანი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გამართულად მუშაობდნენ კომისიის წევრები“, – განაცხადა მან.

ყველაზე მეტად აღსანიშნია ის ეფექტიანობა, რომელიც ჩვენ საარჩევნო უბნებში დავინახეთ. ჩვენ ვნახეთ, ტემპი, როგორ ხდებოდა ხმის მიცემა, როგორ ხდებოდა მაგალითად მარკირება და რამდენად სწრაფად მოხდა წინასწარი შედეგების გამოქვეყნება. ამ არჩევნების გამოცდილება არის პოზიტიურ დასაწყისი, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოემზადოს 2024 წლის არჩევნებისთვის,“ – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ჯონ ჰოლინსმა.

“ჩვენ დავინახეთ, როგორ აქტიურად იმუშავეს ცესკომ, კომისიების თავმჯდომარეებმა, თანამშრომლებმა ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. ამ კამპანიამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით ქუთაისში, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რამდენად ინფორმირებულები იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლები ყველა პროცესზე და ასევე კარგად იყვნენ ინფორმირებულები ამომრჩევლები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზოგადად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გააძლიერებს საზოგადოების ნდობას არჩევნებისადმი. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ეს ფართომასშტაბიანი საპილოტე პროგრამა იყო წარმატებული“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ჰერმინე ჰარუტინიანმა.

ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ერტონ სინანის განცხადებით, „ამომრჩეველთა ნდობა იყო უპრეცედენტო საარჩევნო პროცესებში“.

“ყველაფერი ჩანდა მარტივი – ადამიანები კმაყოფილები იყვნენ ტექნოლოგიების გამოყენებით დაიზოგა დრო, დაცული იყო ფარულობა. არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ამომრჩეველთა დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით და თუ შევხედავთ ციფრებს ამომრჩეველთა ნდობის თვალსაზრისით, ის ძალიან მაღალია. ელექტრონულმა ტექნოლოგიამ თავისი შედეგები მოიტანა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სწორ გზაზე დგას, იმისთვის რომ მიღწეულ იქნას პროგრესი“, – განაცხადა მან.

საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სუად არნაუტოვიჩმა.

მისი თქმით, „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა არჩევნებისთვის მზადების პერიოდში“ .

„ცესკომ, მისმა თავმჯდომარემ გუნდთან ერთად ბრწყინვალედ გაუწია ორგანიზება ამ არჩევნებს. ჩვენ დავაკვირდით ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოში და ეს იყო დიდი გამოწვევა თქვენთვის. მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებით გაიარეთ ეს დიდი გამოცდა. თერჯოლაში და ქუთაისში დაკვირვებისას ვნახეთ საარჩევნო კომისიების წევრების მიერ კარგად გაწეული პროფესიული სამუშაო. ყველაფერმა კარგად იმუშავა საარჩევნო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე და ჩაიარა ეფექტურად. დასკვნის სახით გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს არჩევნები შევაფასოთ როგორც თავისუფალი და სამართლიანი, სადაც დაცული იყო ხმის მიცემის ფარულობა“, – აღნიშნა არნაუტოვიჩმა.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნები საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში 29 აპრილს ჩატარდა. არჩევნებს საქართველოში 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების 55 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა.

რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ცესკოს ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა