ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

“პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. რათქმაუნდა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით რთულ ვითარებაშია, რადგან პანდორას დოკუმენტები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ივანიშვილს დიდი ხანია აქვს ბიზნეს ინტერესი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, რაც დამოკიდებულია ფოთის პორტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ამიტომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა). და ბოლოს, პრემიერმა ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ ADC მუდმივად ცდილობდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მიცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება. საარბიტრაჟო საქმეში ზიანის ანაზღაურების შესახებ ADC-ის მოთხოვნა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიცვას თავისი და მისი აქციონერების კანონიერი უფლებები. მაგრამ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი გროშის დახარჯვის გარეშე შეუძლია მოაგვაროს დავა, თუ გონივრულად და კეთილსინდისიერად მოილაპარაკებდა ADC-თან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციისა და დაფინანსების უზრუნველსაყოფად.ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება – უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა”.-აღნიშნულია განცხადებაში.