1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგდება

2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება.

მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ ეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.