- ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან გაიწმინდება არხები და მოეწყობა რკინა-ბეტონის მილხიდები.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 77120 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების შედეგად სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობა გაიზრდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და სავარგულების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.

