- ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტები ხორციელდება.
უწყების ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება წყალშემკრები არხი და მოეწყობა რკინის ცხაური. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩიდან სპორტის ქუჩამდე მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი.
ინფრასტრუქტურული პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 124 343 ლარს შეადგენს.
სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის პროექტების განხორციელების შედეგად, არხების გამტარიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის რისკი შემცირდება.

