ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ვერავამ, ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბუკიასთან, მერის მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილესთან გიორგი ნადარაიასთან და ხობის მერთან, დავით ბუკიასთან ერთად, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი და რეკრეაციული სივრცე. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოეწყობა შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს. პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალაშენებული ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი დაათვალიერეს; ხოლო ახალი ხიბულის და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.

ინფრასტრუქტურული პროექტები მოქალაქეთა ინიციატივით, ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების დაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს