პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

“საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.  ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს”.-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.