დევნილებისა და ეკომიგრანტებისათვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

“საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგრანტო განაცხადები, 12 თებერვლის ჩათვლით, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:

▪︎ თბილისი, თამარაშვილის  ქ.N15ა;
▪︎ გორი, სამების  ქ.N1;
▪︎ რუსთავი, მე-17 მ/რ, N2 ა
▪︎ ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის  ქ.N106;
▪︎ ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც – info@idp.gov.ge .