ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რაც გზის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას გაზრდის.

უწყების ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია, დამონტაჟდა თანამედროვე საინჟინრო სისტემები. სამუშაოების სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.2 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ხობში ასევე იგეგმება თანამედროვე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საცურაო აუზებს, სავარჯიშო დარბაზებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებს. ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.