სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება

  • 2024 წლის 1 იანვრიდან, სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით, სტომატოლოგიური კლინიკის ან კაბინეტის გახსნამდე შეტყობინება უნდა გაეგზავნოს რეგულირების სააგენტოს, რომელიც დაწესებულებას, მაქსიმუმ, 2 თვის განმავლობაში შეამოწმებს და ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასცემს დადებით დასკვნას, რაც დაწესებულებას მიანიჭებს საქმიანობის დაწყების უფლებას.

“ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად, სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი.

ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე – თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.”-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.