მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია

  • ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოებს აწარმოებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2024 წლებში აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციასა და დაარეგისტრირებს საკუთრებას.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრი საკუთარი ინიციატივით წარმართავს რეგისტრაციის მთლიან პროცესს და მოქალაქეს სრულიად უფასოდ გაუწევს შემდეგ მომსახურებას: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია. მიწის სისტემური რეგისტრაცია მოიცავს ეტაპებს: მიწის ნაკვეთების აზომვა; დოკუმენტების მოძიება; საჯარო გამოცხადება; მონაცემების გადამოწმება; რეგისტრაცია.“